პაპუაშვილი ტურაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კამპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს.

„რაც შეეხება დავით ტურაშვილს, ეს არის სწორედ… ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ამ ზიზღის კამპანიისა… სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფითი მხარე აქვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს.

ამავე დროს რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება … გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იმავე სტუდიიდან ხომ არ მიდოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლისა და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში და ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა,“ – თქვა მან.

მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ მწერლის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კლინიკაში რჩება.