პაპუაშვილი: უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ

პუბლიკა

დღეს შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს,” –  სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 „სტაბილურობაც მყარდება, როდესაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ. გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას. ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს. მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა.

ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს.

ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი…“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტები.

„ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“,- ამბობს პაპუაშვილი.