პაპუაშვილი ვეტოს კენჭისყრის ინფორმაციის მოთხოვნაზე პრეზიდენტს პასუხობს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვეტოს კენჭისყრის ინფორმაციის მოთხოვნაზე პრეზიდენტს პასუხობს და ამბობს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს კენჭისყრის შედეგებში ეჭვი ეპარება, მან პროცედურის შესაბამისად უნდა გამოხატოს პრეტენზია, რის შემდეგაც ხმები გადაითვლება. მისი თქმით, „გირჩს“ აღნიშნული პროცედურა არ დაუცავს.

„პროცედურა არის შემდეგი – თუკი კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართოს, რომ საკითხის გადამოწმება მოხდეს.

როდესაც იმ სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა სანდრო რაქვიაშვილმა მოითხოვა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ გახლავთ. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. უნდა ყოფილიყო ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება. […] იცით, ყოველ კენჭისყრაზე 70-80-90 საკითხი გვაქვს და თეორიულად შეიძლება ყველა კენჭისყრის შემდეგ ვიღაცამ წამოიძახოს და პრეტენზია ჰქონდეს, ამიტომაც არსებობს პროცედურა, როგორ ხდება გასაჩივრება პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია და პოლიტიკური ჯგუფის სახელით მისი თავმჯდომარე საუბრობს და არა ჯგუფის ყოველი წევრი…

სხდომის თავმჯდომარე დარბაზს მეტ-ნაკლებად აკვირდება დაზუსტი რიცხვის დათვლა ასე რთულია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არის საკმარისი უმრავლესობა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ეს საკითხი, ანუ არ არის ისე, რომ 5 ადამიანი ზის და ტაბლოზე აენთო 80…

როდესაც ამასთან დაკავშირებით, როგორც სხდომის თავმჯდომარემ ვუთხარი, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ჩანდა, პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომაც ჩვეულებრივად გავაგრძელეთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროცედურების დაცვა, რადგან საქმე კანონმდებლობას ეხება და არა უბრალოდ გადასაწყვეტ საკითხებს.

რაც შეეხება, სხდომაზე ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ კენჭისყრაზე არ იყვნენ კახა კახიშვილი, ბექა ოდიშარია, დიტო სამხარაძე, პაპუაშვილი კვლავ პროცედურაზე მიუთითებს:

„თუ ასე მივუდექით, შეიძლება ისტორიულად ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება და კვლევა, ამიტომ პროცედურა ითვალისწინებს იმ მომენტში პრეტენზიის განცხადებას ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფის მიერ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.

პარტია „გირჩის” ინფორმაციით, ვეტოს დაძლევა გაყალბდა, რადგან დასაძლევად ოცნებას 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა 61 ჰყავდა.