პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პუბლიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და ვეტო დაძლია.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრების არჩევის წესი.

პრეზიდენტის შეფასებით, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ახალი წესით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა, ასევე შეიცვალა კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და მათ ასარჩევად 100 ხმის (2/3) ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში ისინი 5 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.

ცვლილების შეტანამდე გათვალისწინებული იყო მათი არჩევა 100 ხმით. თუ კანდიდატი 100 ხმას ვერ დააგროვებდა, მას უმრავლესობით ირჩევდნენ და ის თანამდებობას 6 თვით იკავებდა. ეს ცვლილება თავის დროზე კანონში 19 აპრილის შეთანხებით  გათვალისწინებული ვალდებულება იყო.

კონსესუსის სახით, პრეზიდენტმა შესთავაზა პარლამენტს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აერჩიათ.

საბოლოოდ, პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონის პირვანდელ ვერსიას კენჭი უყარა. საკითხს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.