პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
მისი თქმით, მოტივირებული შენიშვნები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად გადაეცემა იურიდიულ კომიტეტს, პლენარულ სხდომაზე კი შემდეგ კვირაში გავა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენებით კანონზე შესაძლო დისკუსიის სივრცე ჩაკეტა.
„არ ვიცი, საიდან, ვის დავალებებს იღებს, მაგრამ როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს“, – განაცხადა მან.
პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ის, რომ ვეტოში პრეზიდენტმა კანონის მოქმედების ვადად ერთი დღე განსაზღვრა, საზოგადოების დაცინვაა.
„ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ და ეს კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არაა და ეს ხალხი თავის ხალხად არ მიაჩნია. დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ ქართველი ხალხის. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა.
[…] რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს ამ კანონის ქართულობას“, – განაცხადა მან.
პაპუაშვილი, რომელიც მხარს უჭერს კანონს, რომელიც არასამთავრობოებსა და მედიის ნაწილს „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის“ იარლიყს აკრავს, აცხადებს, რომ კანონს იარლიყი მიაწებეს და დისკუსია რუსული სტილით ჩაკეტეს.
„სამწუხაროდ, როგორც შიდა, ასევე უცხოელი აქტორებისგან ჩვენ მივიღეთ რუსული სტილით ჩაკეტვა დისკუსიის და იარლიყის მიწებება ამ კანონისთვის და დისკუსიის აკრძალვა ქართველი ხალხისთვის“, – ამბობს ის.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატები თავდაპირველად განიხილავენ პრეზიდენტის ვეტოს საკითხს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ვეტოს დაძლევას მინიმუმ 76 ხმით შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს. სავარაუდოა, რომ ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებიც. ამ პოლიტიკური გუნდის ორმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი.
რეგლამენტით, ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონის საბოლოოდ მისაღებად კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს.
კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, უმრავლესობას შეუძლია, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, აღარ უყაროს კენჭი კანონის პირვანდელ ვერსიას და საკითხი თაროზე შემოდოს. მათი თქმით, ასევე შესაძლებელია, კანონს კენჭი ეყაროს, თუმცა მხარი არ დაუჭირონ. კიდევ ერთი შესაძლო სცენარი ვეტოს მიღება ან განხილვის გადადება იყო, თუმცა ეს ვერსია პაპუაშვილმა დღეს გააბათილა.
პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ თუ პრეზიდენტი კვლავ არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.