რუსულ კანონს დავადე ვეტო, ვეტო არის მარტივი, ეს კანონი უნდა გაუქმდეს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მან ამის შესახებ რამდნეიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინაღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება რაავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


მას შემდეგ, რაც კანონი პრეზიდენტის ვეტოსთან ერთად პარლამენტში დაბრუნდება, დეპუტატები თავდაპირველად განიხილავენ პრეზიდენტის ვეტოს საკითხს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ვეტოს დაძლევას მინიმუმ 76 ხმით შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს. სავარაუდოა, რომ ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებიც. ამ პოლიტიკური გუნდის ორმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი.

ვეტოს დაძლევის შემდეგ ხელახლა უყრიან კენჭს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. სავარაუდოა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს 29 მაისის პლენარულ კვირაში განიხილავს.

თუ პრეზიდენტი კვლავ არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.