პაპუაშვილის თქმით, სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციის იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით 22 თებერვლის შეხვედრაზე დააყენა წინადადება, „უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია, სასამართლო კორპუსი კი სწორედ ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ”.

„ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ენმ-ს სურს, „გაათავისუფლონ არსებული მოსამართლეები, დანიშნონ მათთვის სასურველები და ამისთვის ხერხებს ეძებენ“.

ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ ახსენა „უცხოური დაფინანსება“.

„რატომ უნდათ თავის მოსამართლეები? – იმიტომ, რომ დანაშაულებზე არ აგონ პასუხი. მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა, რომ ოპოზიციის თავში და ზოგიერთი არასამთავრობოს თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთი შტო – სასამართლო შტო დააკომპლექტოს უცხო ქვეყანამ”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მათთვის მიუღებელი ინიციატივების მიუხედავად, ოპოზიციათან დისკუსია შედგა. თუმცა, როგორც ამბობს, ოპონენტები ვერაფერს ეუნებიან იმაზე, „არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მათთვის პრობლემურია”.

„ვერაფერს ამბობენ, რადგან წლების განმავლობაში ამბობდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას – „რუსთავი 2“-ის, მელიას, ახალაიას, აქციების თითქოსდა ძალის გადამეტებით დაშლის საქმე. ყველა აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველაზე სტრასბურგმა თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის, იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ერთი საქმეც ვერ მოიტანეს [ოპოზიციამ], რომელზეც თვითონ იტყოდნენ, რომ უსამართლო იყო. ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქნება და ამიტომაც გვაქვს ინსტანციები, მაგრამ ერთ მაგალითს ვერ ასახელებენ სისტემური პრობლემის“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის პირობებში უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ერთ-ერთი პირობაა ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი არიან.

თუმცა, მმართველი პარტია ამას დარღვევას უწოდებს და მის შესრულებას ეწინააღმდეგება.