პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი აქციის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი.

„ყოველ ჯერზე შსს მხოლოდ მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ იწყებდა ძალადობის აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამ დროს მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ ძალადობის შეწყვეტაა. რჩება შთაბეჭდილება რომ აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიზანს სწორედ ძალადობა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება წარმოადგენს. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, სპეციალური ხსნარები, ამ საშუალებების გამოყენება ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს.

ამიტომაც ვხედავთ, რომ ნაცვლად რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანად გამართვისა, აქციის მონაწილეების ნაწილი მიზანმიმართულად ინაცვლებს პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე (9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე) და უტევს ამ ქუჩებზე განლაგებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც იცავენ პარლამენტის შესასვლელებს.

საპოლიციო ძალები ვალდებულნი არიან გამოიყენონ სპეციალური საშუალებები ამგვარი ძალადობის აღსაკვეთად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შსს-ს ცნობით, გასული ორი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე დააკავეს 150-ზე მეტი ადამიანი, გუშინდელი დაკავებულების შესახებ შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.