„პარასკევის ლოცვის შემდეგ მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეკრება გაიმართება" | გამგეობასთან მოსახლეობა დაიშალა

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით შეხვედრის მეორე რაუნდი დასრულდა ჩოხატაურში, სადაც რელიგიის ნიადაგზე კონფლიქტი ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის 12 იანვარს დაიწყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალ, პარასკევის ლოცვის შემდეგ, მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების შეხვედრა გაიმართება.

„შევთანხმდით, რომ ხვალ ჩატარდება ლოცვები. ამის შემდეგ, მხარეებიდან გარკვეული რაოდენობის წარმომადგენლები  – როგორც სასულიერო პირები, ასევე სოფლის მცხოვრებლები  – შეთანხმდებიან,  ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს და სოფელში ისევ აღდგება ჩვეულებრივი ცხოვრება და მშვიდობა“, – აცხადებს სრულიად საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე.

„ერთი ადამიანი ეკლესიიდან, ერთი ადამიანი მუსლიმების წარმომადგენელი. 10-10 ადამიანი მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლიდან, 1 ადამიანი სახელმწიფოს წარმომადგენელი. თქვენ ხომ ხართ დეპუტატი, თუ აიღებთ პასუხიმგებლობას, იყავით თქვენ. ტელევიზიებმა უნდა გააშუქონ ეს შეხვედრა, რომ ეს მარტო ამ ხალხის პრობლემა  არ არის. მთელი საქართველოს პრობლემა არის ეს და გაიგონ, რომ ხვალ რომ რამე მოხდეს, ფაქტები დაიდება, რა შეთანხმება იქნება იქ მიღწეული“, – უთხრა გურიის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა.

– „ხომ იწერს ხალხი. რაც შენ ჩამოთვალე, ყველაფერი შესრულდება. ეგ მინდა მეც, რომ ხვალ შევხვდეთ და ეგ პრობლემები მოვაგვაროთ… აქეთა მხრიდანაც და იქითა მხრიდანაც შევახვედრებ, მოვალაპარაკებ სამომავლოდ მეგობრობაზე , შერიგდებიან და გააგრძელებენ ცხოვრებას“, – ამბობს ჩიგოგიძე.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.