პარლამენტი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების პაკეტს I მოსმენით განიხილავს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს.

მომხსენებლის, უმრავლესობის დეპუტატ დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შინაარსი შემდეგია:

 „აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას, კერძოდ, დღეს არსებული 18-21 წლის ნაცვლად 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას;

დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა ცნების შემოღებას, ასევე ამ პირთა რეესტრის შექმნას, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური;

განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი: აღნიშნულთან დაკავშირებით პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას. მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე: საბიუჯეტო და მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს აეკრძალებათ. ამ რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

აიკრძალა თამაშის მიერ სხვა მოთამაშის თანხის გადარიცხვა/გადატანა, წესს განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტრო.

უზრუნველყოფილ იქნება მოთამაშეთა საკუთრების უფლების დაცვა იმ თანხებზე, რომლებიც განთავსებულია მათ ანგარიშებზე და კანონის ამოქმედების შემდეგ ვეღარ შეძლებენ თამაშებში მონაწილეობას. პროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ გარანტიებს.

რეკლამის შესახებ კანონპროექტში ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს:

  • აიკრძალა აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის, ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება;
  • დასაშვები გახდა მხოლოდ იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ოფრმით აზარტული თამაშების ანდაც ტოტალიზატორების მოწყობა;
  •  იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.
  • სპორტული ღონისძიების, შეჯიბრების, ანდა სპორტული ორგანიზაციის საქმოანობის სპონსპორობის სანაცვლოდ;
  • საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნის აეროპორტის ტერიტორიაზე ანდა საბაჟო პუნქტზე;
  • დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაზე რეკლამის რამე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, თუ წამახალისებელი გათამაშება არ ეხება აზარტულ ან ტოტალიზატორის თამაშობის დემონსტრირებას“, – განაცხადა მან.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

ცვლილებები შეეხება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს.

კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ორგანიზაციის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელება ნებადართული გახდება მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიებების გამართვის, ჩატარების ადგილის შიდა პერიმეტრებზე ბანერების ანდა მოთამაშეების უნიფორმებზე განთავსების გზით;

აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის, ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება-გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობისა, 1 სააღის განმავლობაში, ვიზუალური რეკალმის გავრცელების გარეშე.

კანონპროექტით, მკაცრდება ჯარიმები და იზრდება არსებული.