ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს ონლაინტოტალიზატორის გათიშვის საკითხი – ასოციაცია

პუბლიკა

„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებულნი ვიქნებით, შესაბამისად, მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია –  უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, – სათამაშო ბიზნესის ასოციაცია სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებებს აფასებს. 

ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთელი ინდუსტრია არის სრულ გაურკვევლობაში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ მთავრობა ესაუბრება მხოლოდ მედიის საშუალებით ისე, რომ არ ითვალისწინებს სექტორში მონაწილე სუბიექტების პოზიციებს.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მართალია, მთავრობის მხრიდან გაჟღერდა ბიზნესთან კონსულტაციის დაპირებები, თუმცა, სექტორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ასეთი კონსულტაცია არ შემდგარა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი მატერიალური ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით, რადგან, მათი განმარტებით, საჭიროა წინასწარი კონსულტაციები, გაანგარიშებები და მოდელირება, თუ რა სახის ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს ეს ცვლილები.

„ აქვე აღსანიშნავია, რომ განცხადებაში აქცენტი გაკეთდა სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდის საჭიროებაზე და ეს იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი კანონმდებლობით ისედაც მძიმეა სექტორისთვის – შეადგენს 40%-ს, რაც დაახლოებით 30%-ით მეტია სხვა ბიზნესებთან შედარებით. ამასთან, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ონლაინინდუსტრიის საგადასახადო ტვირთი გაიზრდება დაახლოებით 70%-მდე, შეუძლებელს ხდის ბიზნესის შემდგომ საქმიანობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სექტორში მონაწილე სუბიექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენენ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც კრიტიკულია იმ პირობებში, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე.“

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიო გამოცდილებით სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის შეზღუდვისა თუ თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ვინაიდან აკრძალვის პირობებშიც თამაში გრძელდება არალეგალურ ვებგვერდებზე თუ უკანონო ე.წ. „ხელზე თამაშის“ სახით.

„უფრო მეტიც, ჩვენი შეფასებით, დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და არ მოქმედებს რეგისტრაცია/ვერიფიკაციის მაღალი სტანდარტები. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს მათი უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. დამატებით საყურადღებოა ასეთი გადინების შედეგად ვალუტის კურსსა და ეკონომიკაზე მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტი. ქვეყნის გარეთ რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის კომპანიების სასარგებლოდ შესრულებული ოპერაციების მოცულობა ყოველწლიურად აღემატება 120 მლნ. ლარს, რაც გაცხადებული შეზღუდვებისა და აკრძალვების საფუძველზე, ჩვენი გათვლებით, სულ მცირე 10-ჯერ გაიზრდება.“

29 ნოემბერს

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ონაილ სათამაშო ბიზნესისთვის  გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადაების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება სხვა სახის შეზღუდვებიც:

►„25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა;

► ასევე, სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;

► საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით.

► ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით”, – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, 1 მილიონამდე სრულწლოვანი მოქალაქეა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობით ხელშეკრულების გაფორმება. „ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება”.