საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომებზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს 18 ივლისს მოუსმენს და კენჭს უყრის, ამნისტიის კანონს კი 19 ივლისს განიხილავს და კენჭს უყრის.
შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმათა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს საპროკურორო საბჭომ გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა. გაბიტაშვილი 2014 წლიდან გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
მისი კანდიდატურის დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თანამდებობაზე განწესება 6 წლის ვადით ხდება. თუ გიორგი გაბიტაშვილი არჩევისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს – ის მმართველ პარტიას ეკუთვნის.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.