პარლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში გენდერული ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვას გეგმავს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად კანონშემოქმედებით პროცესში გენდერული ზეგავლენის შეფასების სისტემა დაინერგება.

ცვლილებების თანახმად, კანონპროექტისთვის თანდართულ განმარტებით ბარათში, ასევე, უნდა იყოს გადმოცემული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება. შემოთავაზებული მოდელით, განმარტებით ბარათში გენდერული გავლენის შეფასების მოკლე ვერსია იქნება ასახული.

პროექტის თანახმად, განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) კანონპროექტის რეგულირების სფეროში ქალების და კაცების განსხვავებული მდგომარეობის, შესაძლებლობების ან/და საჭიროებების შესახებ; ბ)კანონპროექტის გავლენების შესახებ გენდერულ თანასწორობაზე და გ) იმ გავლენების შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს კანონპროექტიდან და ზღუდავს ან ხელს უწყობს ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში.

„პროექტი ინიცირებულია იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც წარიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შორის და ეს უკავშირდება 12 პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთს, კერძოდ, საუბარია ძალისხმევის კონსოლიდაციაზე იმ მიმართულებებით, რაც უკავშირდება, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას და მეორე მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ კუთხით სამი საკანონმდებლო პაკეტია ინიცირებული და „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, სწორედ, ერთ-ერთი მათგანია“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.