საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კანონპროექტის ინიციატორმა, განაცხადა, რომ ეს არის პაკეტი, რომელიც უკავშირდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას და თანმდევ პროექტებს – საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებას. უფრო კონკრეტულად, ეს უკავშირდება საკითხს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსების საკითხს შეეხება.
ოხანაშვილმა საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებისთვის განმარტა კანონპროექტის არსი:
„საქართველოს კონსტიტუციით დამტკიცებულია დემოკრატიის პრინციპი, რომლის მთავარი არსია, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა გაატაროს ხალხის ნება და ხალხის ნება უნდა შესრულდეს მათ მიერ არჩეული შესაბამისი პირების მეშვეობით; ვინაიდან დემოკრატიის პრინციპი უზრუნველყოფს, რომ სწორედ ამ ფორმით ხორციელდება ხალხის ნება, სწორედ იმის გამო ანიჭებს მოქალაქე შესაბამის მანდატს, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსება, რომ ხალხმა და ამომრჩეველმა მისი ნება განახორციელოს და, აქედან გამომდინარე, მიანიჭა ნება, მიიღოს დაფინანსება.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კონკრეტული პარტია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეწევა როგორც მათი წარმომადგენლობის, ისე პარლამენტის საბოტაჟს, ის უგულებელყოფს ხალხის ნებას და მიზნობრიობა დაფინანსების არის კონტრპროდუქტიული და ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განმარტებით, ყველა დეპუტატს ექნება არჩევანის საშუალება, გაატაროს ხალხის ნება თუ დაუპირისპირდეს პარლამენტსა და დემოკრატიის პრინციპს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიამ, რომელიც მიიღებს ხალხის ნების გამომხატველ მანდატს, უნდა შეინარჩუნოს ის, არ უნდა შეიწყვიტოს უფლებამოსილება. თუ ამაზე იტყვის უარს, გათვალისწინებულია დაფინანსების შეწყვეტა, ან ოხანაშვილის თქმით, დაფინანსება შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ იმ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, შეიწყვეტს უფლებამოსილებას და საბოტაჟს გამოუცხადებს პარლამენტს.
გარდა ამისა, ოხანაშვილის თქმით, გათვალისწინებულია, რომ არჩეული პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც თუ არასაპატიო მიზეზით გააცდენს წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია დაფინანსების შეწყვეტა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გათვალისწინებულია ცვლილება რეგლამენტშიც.
კერძოდ, პარლამენტის წევრს სახელფასო ანაზღაურება შეუწყდება, როდესაც დეპუტატი მორიგე სესიაზე თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ესწრება პლენარულ სესიებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარტიების რეგისტრაციის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა.
ოხანაშვილის განცხადებით, იყო მანიპულაციის მცდელობა, თითქოს აღნიშნული ინიციატივა რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს შეეხებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ასე არ არის.
„აქ საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო სუბიექტმა თუ პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩაერთვება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის ორმხრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ამ შემთხვევაში საუბარია პარტიის რეგისტრაციის მოხსნაზე და არა გაუქმებაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხის დაჩქარებულად განხილვას არ მოითხოვენ და მას საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
გარდა აღნიშნული კანონპროექტის პაკეტისა, ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმის მოქმედების ვადის გახანგრძლივების საკითხი.