პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს - მდინარაძე

პუბლიკა

ამ წუთებში პარლამენტის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს პარლამენტის პიკეტირებისკენ მოუწოდეს. პიკეტირების მიზანი ხვალ პლენარული სხდომის ჩაშლაა.  ამ დროისთვის პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებულია.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, პიკეტირება დილამდე გაგრძელდება, ღამეს იქ გაათევენ, რომ დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა ვერ შეძლონ.

პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის და ადეკვატურ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხდა.

„ხელისუფლების გეგმა არის ის, რაც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა აღსრულდეს კანონი. თუ ვინმე არ დაარღვევს კანონს, მას უნდა მიეცეს პროტესტის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს, უზრუნველყოფილია. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად პარლამენტის ბლოკირებას, შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული. თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით. ადამიანების ჯანმრთელობასაც, მათ შორის, ადამიანების გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ