მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქცია ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადა და რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, „ქართული ოცნების” პარლამენტმა „უსაფრთხოების წითელი დონე” აამოქმედა.
„პარლამენტის შენობაში დღეიდან , 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”, – განაცხადეს პრესსამსახურში.
პოლიცია ანტირუსული საპროტესტო აქციის დარჩენილ მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე დაედევნა, ფიზიკურად გაუსწორდა, ზოგიერთი მათგანი დააკავა.
პოლიციელები რუსთაველზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა დაიწყეს. მათ მოქალაქეებს მეცნიერებათა აკადემიის შენობამდე სდიეს. მათ შორის, შეცვივდნენ აფთიაქშიც და იქ სცემეს ადამიანები, დააზიანეს აფთიაქის ინვენტარი.
სცემეს „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ დავით ცაგარელს.
გადაღებაში ხელი შეუშალეს „პუბლიკის” ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს, ხელზე დაარტყეს და ტელეფონის დამტვრევა სცადეს.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა.
ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.
მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
საპროტესტო აქციაზე პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და რიგით მოქალაქეებზე.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.