პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია განახლდა

პუბლიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ჭიჭინაძის ქუჩიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან და როგორც აცხადებენ, პარლამენტის წინ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა გუშინდელთან შედარებით – რაოდენობრივად ცოტა. ასევე, გუშინდელისგან განსხვავებით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები სამართალდამცველებს რკინის კონსტრუქციებით დღეს აღარ ჩაუხერგავთ.

როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, დილიდან იგეგმებოდა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, თუმცა, მათი ინფორმაციით, დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, მათ მიერ დაგეგმილ აქციამდე, 7 საათზე შევიდნენ პარლამენტში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პიკეტი და აქცია გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას, ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად, მოვუწოდებთ რომ დაიცვან კანონი“, – უთხრა „კურიერს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

თავად “ქართული ოცნების” წევრები “კურიერთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ უმრავლესობის სრული მობილიზება დღეს დაანონსებულ პიკეტირებას არ უკავშირდება. მათი თქმით, დღეს ჩანიშნული იყო უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრა და საკანონმდებლო ორგანოში დილიდან დეპუტატები სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ.

პარლამენტში სესია დღეს, 12 საათზე არის ჩანიშნული.

LB loan image desktop LB loan image mobile