იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტში დაბრუნდება კანონის მოქმედი რედაქციის ის მუხლი, რომლის თანახმად, კანონის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს.
კანონპროექტი მეორე მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე დღეს განიხილეს. პირველი მოსმენით განხილულ დოკუმენტში გათვალისწინებული იყო თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების მოხსნა, თუმცა მეორე მოსმენით ეს მუხლი კანონპროექტში დაბრუნდა.
„ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს მიდგომა, მით უმეტეს, ეს უნდა შეეხებოდეს თანამდებობის პირს. თანამდებობის იმ პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს ნარკოტესტის გავლაზე, სანდოობა ვერ ექნება. პირველი მოსმენის დროს, დათქმით ვამბობდი, რომ თუ განხილვების დროს ყველა არ დაუჭერდა მხარს ამ საკითხს, ისე გამოვიდოდა, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენი ინიციატივაა ნარკოტესტების გაუქმება. აქედან გამომდინარე, მე ამ საკითხს უკან ვაბრუნებ და გთავაზობთ, რომ დავტოვოთ მოქმედი ნორმა“, – განაცხადა ოხანაშვილმა კომიტეტზე.
ასევე, პროექტში დაზუსტდა ჩანაწერი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე, დაპატიმრებასა და პასუხისგებაში მიცემაზე.
კანონპროექტში ეს საკითხი დაზუსტდება შემდეგი ჩანაწერით – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტში ასევე ბრუნდება მოქმედი ნორმა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება.
ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.