პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულება ეხსნებათ - კანონპროექტი

ნათია ამირანაშვილი

უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, რიგი თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ მოუწევთ.

კანონპროექტით ცვლილებები შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონსა” და საარჩევნო კოდექსში.

ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში დღეს მოქმედი ჩანაწერით, თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და 3 დღის ვადაში შესაბამისი ცნობა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.კანონპროექტით, აღნიშნული ჩანაწერს კანონიდან სრულად ამოიღებენ.

თანამდებობის პირებში იგულისხმება:

  • საქართველოს პრეზიდენტი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრი;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
  • საქართველოს მთავრობის წევრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

კანონპროექტით, ასევე უქმდება მუხლი, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდებისთვის თანამდებობის პირის 500 ლარის დაჯარიმებას ადგენდა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით ასევე უქმდება პუნქტი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტა ეხება.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება დღეს მოქმედი რეგულაციით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს. კანონპროექტით ამ  პუნქტს კანონიდან იღებენ.

პროექტის განმარტებით ბარათში არაა წარმოდგენილი ცვლილებების საჭიროების არგუმენტაცია.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

გარდა ამისა, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება გაწერილი იყო საარჩევნო კოდექსში. პარლამენტი ინიციირებული პაკეტით, აღნიშნული წესიც უქმდება. კერძოდ:

პარტიული სიების წარდგენისას,  სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად, სიას უნდა დართვოდა საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეულ კანდიდატზე ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.

მომზადებული კანონპროექტით, ცესკოში წარსადგენ დოკუმენტებიდან ნარკოლოგიური ცნობა ამოღებულია.

ასევე, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარება ნარკოლოგიური შემოწმებასთან კავშირში აღარ იქნება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე;

საპარლამენტო ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ ნარკოტესტირების ფორმა შეურაცხმყოფელი და უხერხულია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რაიმე კითხვა გაჩნდება, ის აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მზადაა, ჩააბაროს თმის ღერი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით.

„…მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი, იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმა არის, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. იქ ამისი ფორმა საკმაოდ უხერხულია ხოლმე.

თუ რაიმე კონკრეტული, ოდნავი ეჭვი მაინც იქნება, ჩემი აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უფრო დიდი და არა – სიმბოლური დატვირთვის იქნება; არა იმ ფორმით (არ მინდა, დეტალებში ჩავიდე) [გულისხმობს შარდის ჩაბარებას], არამედ თმის ღერით, რომელიც გაცილებით დიდი ხნით ინახავს თუკი რაიმე არის ადამიანის ორგანიზმში. []

როგორც კი პირველ კითხვას დასვამთ, პირველი გავიქცევი და ამას გავაკეთებ და მოვუწოდებ ჩემს ყველა თანაგუნდელსაც. მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, რომ იმავეს გააკეთებენ.

როგორც კი ერთი კითხვა დაისმება, პირველი გავვარდები და პირველი მივალ და არა იმ მართლაც უხერხული ფორმით, არამედ თმის ღერით ჩავაბარებ, ვიღაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გერმანიაში გარბოდნენ თავის დროზე და ცოტა უცნაურ კლინიკებში აბარებდნენ ხოლმე ნიმუშებს“, – ამბობს მდინარაძე.

ნარკოტესტირება – რამდენი მოქალაქე გადაიყვანა შსს-მ ტესტირებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა რაოდენობა ასეთია:

  • 2023 წელი – 5 492 პირი;
  • 2022 წელი – 5 052 პირი;
  • 2021 წელი – 4 225 პირი;

წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაგალითად 2013 წელს, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარდგენილ პირთა რაოდენობამ 60 000-ს გადააჭარბა.