პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 72 ხმით მიიღო.
განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით“.
247-ე მუხლში შესული ცვლილებით, „ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს“.