საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტები უარყო და პირველი მოსმენით რუსული კანონის განხილვას იწყებს.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვის საკითხს და გადაწყვიტეს, რომ განხილვის საფუძვლად იღებენ ძირითად კანონპროექტს ანუ „ოცნების“ მიერ წარდგენილ რუსულ კანონს.
რუსულ კანონს ორი ალტერნატიული კანონპროექტი ჰქონდა, რომლის ინიციატორი პარტია „საქართველოსთვის“ იყო.
პირველი ინიციატივა „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას, ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად თუ ფარულად ჩარევას.
მეორე ინიციატივა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა.
როგორ გაგრძელდება რუსული კანონის განხილვა
კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოებამ რუსულ კანონი უწოდა, დღევანდელ 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
კანონპროექტმა კანონად ქცევამდე წამყვან კომიტეტში სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენა უნდა გაიაროს.
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.
ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.
თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დაბრუნდება.
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელახლა ეყრება კენჭი. მხარდაჭერილი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება.
თუ პრეზიდენტი მას არ მოაწერს ხელს, კანონი ძალაში შესულად პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის და მისი გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაითვლება.