„საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენენ

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად „რუსული კანონის“ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიციირებს.

ინიციატივა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას, ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად თუ ფარულად ჩარევას.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დეპუტატი ბექა ლილუაშვილის განცხადებით, კანონი შეეხება არა მხოლოდ ოკუპანტ სახელმწიფოს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბექა ლილუაშვილის თქმით, გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია, რომელიც უნდა ეხებოდეს, როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს და პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას.

კანონპროექტის ინიციატორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას და ასე დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ მათ მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონი“ რუსული არ არის.

„ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული, ამიტომ „არა, არ არის რუსულის“ ძახილის ნაცვლად თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ჩვენი ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.