პარლამენტმა დაამტკიცა კომისია, რომელმაც საზმაუს საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს

პუბლიკა

პარლამენტმა 82 ხმით დაამტკიცა კომისია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • ერმილე მესხია;
  • დავით მაღლაფერიძე;
  • მაკო ჯაოშვილი;
  • გოდერძი შარაშია;
  • ნინო მეუნარგია;
  • მარიამ რაზმაძე;
  • ნუგზარ ხავთასი;
  • ნინო კაკულია;
  • ნათია კუპრაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ორი ვაკანსიის შესავსებად კომისიის შექმნას, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო გააუქმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა 9 დან 11-მდე გაიზარდა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება მიენიჭა.

მედია ადვოკატირების კოალიცია აცხადებდა, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული მოდელი. კოალიცია მმართველ პარტიას  კანონპროექტის სასწრაფოდ გაწვევისკენ მოუწოდებდა. თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოწოდებები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.