პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით – 80 ხმით, 9-ის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრაზე პირველი მოსმენით წარდგენილი პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ხატია დეკანოიძემ, სანდრო რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, არმაზ ახვლედიანმა. კენჭისყრისას წინააღმდეგ მისცეს ხმა ასევე ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას ვერ ერგება და თუ კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ის არაეფექტური იქნება. ოპოზიციონერები მიუთითებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელია მოხსენიებული.