პარლამენტი ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ კანონის I მოსმენით კენჭს 27 ივნისს უყრის

პუბლიკა

პარლამენტმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი კანონის I მოსმენით კენჭისყრა ხვალამდე, 27 ივნისამდე გადადო.

კენჭისყრა დღეს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცედურის წინ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციტივით, დღეს, 26 ივნისს კენჭი უყარონ მხოლოდ იმ კანონპროექტებს, რომლებსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ხოლო ოპოზიციას ხვალამდე მისცენ დრო, რომ „მათ თქვან, საით არიან, ვის მხარეს იჭერენ”.

„გამოვთქვამთ ეჭვს, ვაბრალებთ, თუ გინდათ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ბევრი რაღაც გაიშფრა და გაშიშვლდა დღეს […] იქნებ ხვალ მაინც გამოხატონ თავისი პოზიცია, ან მოსვლით, შემოგვითვალონ”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციას არ დატოვებენ ისე, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე”.

დღეს ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. ისინი კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის I მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება, ვინაიდან საგაზაფხულო სესია პარასკევს, 28 ივნისს იხურება.

ერთი ძირითადი კანონპროექტი და 18 კანონში ცვლილებებისგან შემდგარი პაკეტი ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

გარდა ამისა, პარლამენტმა განიხილა საკონსტიტუციო პროექტიც, რომელიც კონსტიტუციაში ჰომოფობიური და უფლებების შემზღუდავი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო პროექტს მისაღებად 113 ხმა სჭირდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს.

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება და რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას, გადახედოს და უარი თქვას ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უფრო მეტად გააუარესებს LGBTI თემის მდგომარეობას საქართველოში.