პარლამენტის 5-მა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სიძულვილის კანონის პლენარულ სხდომაზე გატანას

პუბლიკა

პარლამენტმა სიძულვილის კანონის საკომიტეტო განხილვა დღეს, 20 ივნისს დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და ასევე, ოთხი კომიტეტის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ოთხივე კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გადაწყვეტილებას დაეთანხმა იურიდიული კომიტეტიც.

10 ივნისს პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ერთი ძირითადი კანონპროექტი და 18 კანონში ცვლილებებისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი მმართველი პარტიაა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონპროექტი ძირითადი დოკუმენტია და ითვალისწინებს ცვლილებებს კიდევ 18 კანონში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში.

მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად:

  • დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს.
  • ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აეკრძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი.

ამ მუხლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ იზიარებს. 

მმართველი პარტიის ინიციატივით, ასევე „დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება”.

ასევე, „ქართული ოცნების” ჰომოფობიური, უფლებების შემლახავი და ანტიკონსტიტუციური ინიციატივის თანახმად: 

  • აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება – სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, შეიძლება, თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს ექიმი, რომელიც „სხვა ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციას  ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციას ჩაატარებს”. ამ შემთხვევაში ასევე გათვალისწინებულია ჯარიმა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც 1-დან 4 წლამდე.
  • აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
  • დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
  • დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
  • ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”.

„ქართული ოცნების” ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობით, „აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს, შეკრებილებს დაშლა მოსთხოვოს.

„თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”. 

ასევე, „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ”.

მისივე თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. 

ხოლო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილება, მეორე და მესამე მოსმენით კი – საშემოდგომო სესიაზე. საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. კანონის მიღებას უბრალო უმრავლესობა ყოფნის.