პარლამენტმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.
პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. დეპუტატებმა პაკეტის მიღება ტაშით აღნიშნეს.
გადაიდო კონსტიტუციური კანონპროექტის კენჭისყრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა მაშინ გაიმართება, როცა ოპოზიცია დარბაზში იქნება. საკონსტიტუციო პროექტს მისაღებად 113 ხმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს.
პარლამენტმა ჰომოფობიური კონსტიტუციური კანონის პროექტი და საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით გუშინ, 26 ივნისს განიხილა, თუმცა კენჭისყრა მამუკა მდინარაძის ინიციატივით გადაიდო – უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე ოპოზიციამაც უნდა გამოხატოს პოზიცია. განხილვას, „გირჩის“ დეპუტატების გარდა, არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ჰომოფობიური პაკეტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება. საგაზაფხულო სესია ხვალ, 28 ივნისს იხურება.
ერთი ძირითადი კანონპროექტი და 18 კანონში ცვლილებებისგან შემდგარი პაკეტი ითვალისწინებს როგორც ე.წ. პროპაგანდის, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილია ამავე შინაარსის საკონსტიტუციო პროექტიც.
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება და რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას, გადახედოს და უარი თქვას ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უფრო მეტად გააუარესებს LGBTI თემის მდგომარეობას საქართველოში.