პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია

პუბლიკა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.

დადგენილების პროექტებს გოგა კიკილაშვილის და ლევან ნემსაძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად არჩევის შესახებ 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს.

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევას.

„ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?” – წერს ის.

პარლამენტს 2023 წლის 17 მაისს უნდა ეყარა კენჭი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიაზე ასარჩევი კანდიდატებისთვის. მაშინ პარლამენტმა 3 წევრი აირჩია, დანარჩენი 2 წევრის ასარჩევად ხმები არ ეყო, რადგან ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. შესაბამისად 2 ადგილი ვაკანტური დარჩა.