პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს დღეს კენჭი არ უყარა

პუბლიკა

პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. კანონპროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონპროექტის განხილვა ხვალ გაგრძელდება.

პლენარული სხდომა ხვალ, 13 ნოემბერს 12 საათზე განახლდება.

პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.