პარლამენტმა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

პუბლიკა

82 მომხრე, 7- წინააღმდეგი – პარლამენტმა ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების პროექტი I მოსმენით მიიღო. კანონპროექტი მოსამართლეების დისციპლინურ სახდელების შესახებ ცვლილებებს  ითვალისწინებს.

ცვლილებების განხილვაზე კანონპროექტის მიზანსა და დაჩქარებული წესით განხილვის მიზანშეწონილობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ბევრი შეკითხვა ჰქონდათ.

რა ცვლილებები შედის კანონში

◼ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი და გადაწყვეტილება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

◼ მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ახალი სახეები: კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს.

◼ მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.