პარლამენტმა თანამშრომელს შვებულებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა - საია

პუბლიკა

თბილისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა.

საიას თქმით, სასამართლომ ბათილად ცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან  გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

„მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მოთხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება. მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ სამუშაო ადგილას მის მიმართ შექმნილი იყო მტრული გარემო და იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას სურდა, ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, ხოლო თუ მას არ მისცემდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლებას, მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. ანაზღაურების გარეშე 1 წლამდე ვადით შვებულების გამოყენების უფლებას მას „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა მას არ მისცა კანონით გათვალისწინებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლა“, – წერს საია.

ორგანიზაცია წერს, რომ შვებულებით უფლებით სარგებლობაზე უარის თქმისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საიას დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მიიჩნია, რომ პარლამენტის არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი.