პარლამენტმა ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს) და არ გაიზიარა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე გამოვიდა რუსული კანონის პირვანდელი ვერსია.

კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო.

კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.