პარლამენტში არ შევდივართ, ბატონი ავთო შემომწირველია და თავის ქმედებებში თავისუფალია - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური ნაწილი, სიის პირველი სამი წევრი, პარლამენტში არ შედის, ხოლო ავთანდილ ენუქიძე, სიის მეოთხე ნომერი, პარტიის შემწირველია და თავის ქმედებაში თავისუფალი. ამის შესახებ ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ინაშვილის თქმით, პარტიას არ აქვს ბერკეტი, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არავის წინაშე არ არის ვალდებული და პარტია თავის არჩეულ სტრატეგიას მიჰყვება.

„მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის პარლამენტში.

სხვათა შორის, მე ვიყავი ერთ-ერთ პირველი, ვინც თქვა, რომ არ შევა პარლამენტში. ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ ამ სიტყვას.

მოგეხსენებათ, ყველა პარლამენტში არის ბიზნესშემადგენელი – ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი, არის ჩვენი პარტიის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს და შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს.

სხვა საკითხი არის საინტერესო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია თუ მედიასაშუალება გვაბრალებდა თითქოსდა რვა მილიონი დოლარის მიღებას რუსეთიდან. დღეს ხომ ჩანს, რომ ეს რვა მილიონი დოლარი არ არსებობს? ჩვენს პარტიას ჰქონდა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკრეტული ქართველი ბიზნესმენებისგან, მაგრამ დღეს ვერ ვისმენ ბოდიშს ან ტყუილის უარყოფას.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – ჩვენი პარტია მიჰყვება გეზს. ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე. პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში. მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულებაა, ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით“, – განაცხადა ინაშვილმა.


როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატს არ ჩავაბარებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ განუცხადა.

„ჩემი ხედვა მაქვს რაღაცებზე. ირმა ინაშვილმა გააკეთა განცხადება. თავად და კიდევ ორმა ადამიანმა  შეიტანეს განცხადება. პარტიული სია სხვა არის და უპარტიო დეპუტატების – სხვა. ვინც გავიდნენ, სამმა შეიტანეს. მე არ შევიტანე. ჩუმად კი არ ვამბობ ამას, ეს ყველამ იცოდა, კარგა ხანია, რომ მანდატს არ დავტოვებდი, ვიდრე არ მივიღებდი გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილება არ მქონდა მიღებული. ჩემი მოტივაცია ის არის, ის ხედვა მაქვს, რომ ჯობია, პარლამენტიდან ითხოვო შენი, რასაც ითხოვ, პიროვნულად მაქვს ლაპარაკი, ჩემს თავზე და გაიგონოს მთელმა ქვეყანამ. ქუჩის პროტესტს ვერავის ავუკრძალავ, იქ არის ხალხი, ვისთან ერთადაც მე ვერ წარმომიდგენია დგომა“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

„პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.