პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

პუბლიკა

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მინისტრობის 7 კანდიდატის პროგრამას მოისმენენ.

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომიტეტის სხდომას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა საკომიტეტო მოსმენებს დაესწრებიან, რადგან მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები აქვთ.

„ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებასა და ემიგრაციაზე. ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად უსუსურია. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება.

თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია,  გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე რამდენიმე მინისტრს ერთად მოუსმინო. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში დავსვამთ იმ კითხვებს, რაც აქტუალურია მოსახლეობისთვის. ეს მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.

დღესვე, 15:00 საათზე, ჩანიშნულია კიდევ ერთი სხდომა, რომელზეც განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

საკომიტეტო მოსმენა 6 და 7 თებერვალსაცაა ჩანიშნული. 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

პარლამენტი უკვე 8 თებერვალს პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.


პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მთავრობის წარდგენილი შემადგენლობა ასეთია:

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ 29 იანვარს განაცხადა, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო მინისტრები მოვალეობას ასრულებენ.

1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად აირჩიეს, მან კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა. კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.