„პარლამენტში მოვედი იმისათვის, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გია ჟორჟოლიანმა, რომელსაც პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცა.
„მე პასუხი გავეცი 14 ნოემბერს, რომ მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. პარლამენტში მოვედი იმისათვის, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ და პარლამენტმა მიიღოს პროპორციული არჩევნები. მთავარი არის შემდეგი, ხელახლა უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილება… რა თქმა უნდა, ეს მოესწრება 2020 წლისთვის“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
დილიდან პარლამენტში მისულმა სამმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მერაბ ქვარაიამ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და უკან გაბრუნდნენ. „მონა, მონა“, – ამ შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს.