პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, – ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. მათ შორის იქნება სასჯელთა ეფექტურობისა და რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიმართულებები – თუ რა ცვლილებების პერსპექტივები არსებობს ქვეყანაში.
„გვაქვს ინიციატივა და სურვილი, რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უფრო მეტად ნარკომომხმარებლების მიმართ მათ შორის სანქციების გამოყენების [ეფექტიანობაზე], რამდენად არის პერსპექტივები საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იქნას რეაბილიტაცია. აღინიშნა კიდეც, უფრო ლმობიერი დამოკიდებულების გაჩენისთვის შესაძლოა, რეალურად არსებობდეს და გაჩნდეს საფუძვლები და სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება, რომ დავამუშაოთ საკითხი შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენი კოლეგა რამდენიმე კომიტეტის ჩართულობით, რომლის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, ვიპოვოთ/გავაჩინოთ მიმართულებები, სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ იგივე საკანონმდებლო მიმართულებით [მოხდეს] გაუმჯობესება, აღმასრულებელი ხელისუფლების რეკომენდაციის სახით შეიძლება გვქონდეს გაუმჯობესებული პერსპექტივები ამ მიმართულებებით… ნორმალური და სწორი ნარკოპოლიტიკა და მათ შორის სასჯელთა ეფექტურობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება”, – ამბობს სარჯველაძე.
როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იქნება ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების მიმართ უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზი.
„ეს სამუშაო ჯგუფის მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება. თქვენ იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებულია ნარკოსამართალდამრღვევ პირთა წინააღმდეგ ცალკეული უფლებების შეზღუდვა. მაგალითად, ეს არის მართვის მოწმობის ჩამორთმევა, რომელიც პირდაპირ, გარდაუვლად ექვემდებარება ჩამორთმევას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირები ვერ სარგებლობენ ამ შესაძლებლობით. ამას აქვს თავისი ახსნა და დასაბუთება, თუმცა ჩვენ გვინდა ვიფიქროთ იმ მიმართულებით, რომ ხომ არ გავაჩინოთ ისეთი სახის სტიმულატორები, რომელთაც შესაძლოა, ჩამორთმევაზე უკეთესი ეფექტი მოიტანონ. თუ იქნება, მაგალითად, წამახალისებელი შესაძლებლობები გაჩენილი, მაგალითად, არა სავალდებულო ჩამორთმევა, არამედ დისკრეციულად შეფასება, გადახედვის მექანიზმები და სხვადასხვა”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამ ეტაპზე წინასწარ ვერ ჩამოთვლიან ყველა იმ საკითხს, რომელზეც შესაძლოა მუშაობა მოუწიოს ამ სამუშაო ჯგუფს, სამუშაოს მოცულობაც ასე მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.
მისივე თქმით, შემდეგი კომიტეტის სხდომისთვის უფრო მეტად კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ გაწევრების მსურველთა შესახებ და საკითხი ოფიციალურად ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით კომიტეტზე შემდეგ დადგება.
„საკმაოდ შორს მიმავალი, ბევრი იდეა გვაქვს და ამიტომაც ჩამოვყალიბდით, რომ რაკი გვინდა ამ თემებზე საუბარი და გვინდა, რომ ფართო სპექტრი მოვიცვათ დაინტერესებული მხარეებისა, ამისთვის ყველაზე რელევანტური ფორმა იქნებოდა სწორედ სამუშაო ჯგუფის ფორმატი…”, – ამბობს სარჯველაძე.