პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე - კობახიძე

პუბლიკა

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა. საბჭოს დასრულების შემდგომ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პუნქტები უნდა შესრულდეს.

კონკრეტულად მეხუთე პუნქტის – დეოლიგარქიზაციის შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს.

„საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის სახით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცხადა კობახიძემ.