პარლამენტთან დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
დაკავებამდე ელენე ხოშტარია 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში ზებრაზე გადაადგილებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ხოშტარია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა არ უთხრეს, რომელი მუხლით მიმდინარეობს სამართალწარმოება.
ელენე ხოშტარიას დაკავებამდე პოლიციამ დააკავა ორი აქტივისტი.
„პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, რომ ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული.
პარლამენტთან აქცია თეა წულუკიანის კომისიის სხდომის პარალელურად დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩაზე გზის გადაღმა შეაკავა და მათ პარლამენტის წინ ტროტუარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
თამარ კურატიშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი „ანწუხელიძე უკვდავია“, პარლამენტის წინ ტროტუარზე გადავიდა. პოლიციამ პირველ ჯერზე ის გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, თუმცა კურატიშვილი ტროტუარზე ისევ დაბრუნდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. კურატიშვილთან ერთად დააკავეს ლილუ შაველაშვილი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.
აქტივისტების დაკავების დროს პოლიცია ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა, აქტივისტები ტროტუარიდან გადაეყარა.