თბილისში, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები 20-21 ივნისის ამნისტიის აქტის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.
ისინი აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი დამამცირებელია იმ ხალხისთვის, ვინც 20 ივნისს პროტესტზე იყო მისული.
„ამით ხდება კოლაბორაციონიზმის წახალისება, მომავალშიც შეიძლება ოკუპანტები ჩაგვისვან პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, შემდეგ დაარბიონ მშვიდობიანი დემონსტრატები და პასუხი არ აგონ ამის გამო“, – განაცხადა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი ხელს უშლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულების უფლებების რეაბილიტაციისთვის ბრძოლას.
აქციაზე მისულები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში. მათ უნდა იმსჯელონ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტში სამშაბათს დარეგისტრირდება.