„ამნისტია არ შეეხება ჯალათებს“ | ოპოზიცია კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის მექანიზმის ჩადებაზე მუშაობს

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა დასრულდა. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ იმსჯელეს, რა უნდა ჩაიწეროს ამნისტიის შესახებ კანონპროექტში.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ამნისტია ვერ შეეხება იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც 20 ივნისს შეკრებილი აქტივისტები ფიზიკურად დააზიანეს, მათ შორის, თვალები დათხარეს. პოლიტიკოსების განცხადებით, კანონში უნდა ჩაიდოს დაზარალებულის თანხმობის მექანიზმი. მათი თქმით, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ასევე ბრძანებსი გამცემ პირებზე.

„თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპორექტში, ეს არის დაზარალებულის თანხმობა ამნისტირებაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„არავინ არ აპირებს, ჯალათებს შეეხოს ან ბრძანების გამცემებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეს ამნისტია“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით კი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ისეთ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკას. ხათუნა სამნიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ წაყენებული ბრალდებით გათვალისწინებულ მუხლებს და არა – ჰიპოთეტურს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს, მანამდე კი ოპოზიცამ თავისი პოზიციები მმართველ გუნდს უნდა გააცნოს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირას „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი უნდა შეეხოს ყველას, ვინც კავშირშია 20-21 ივნისის მოვლენებთან.