პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება - ქადაგიშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა შეეხოს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სუბიექტს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება, ერთი მეორესთან კავშირშია. როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია ყველას მიმართ უნდა ვრცელდებოდეს.

თუ მიზეზებს ვეძებთ იმისას, რომ საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მომხდარი შეთანხმების ხელშეკრულება და ქვეყნის კრიზისში არშესვლის გეგმა რამენაირად ჩავაგდოთ, მაში 1001 მიზეზის მოგონება ყოველთვის შეგვიძლია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე მუშაობს. კანონპროექტის ინიცირება, სავარაუდოდ, 26-30 აპრილის პლენარული სხდომაბეის კვირაში მოხდება. როგორც ცნობილია, კანონპროექტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს ოპოზიციაც.


გუშინ, 21 აპრილს „ლელოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გამართეს შეხვედრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნსისი საქმეზე ბრალდებულ პოლიციელთა ამნისტია დაზარალებულთა თანხმობით უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდებულ სამ პოლიციელს, რომლებზეც საუბრობს ხელისუფლება. ერთადერთი რა შემთხვევაშიც შეიძლება ამ საკითხზე იყოს მსჯელობა  არის შემდეგი პრინციპული საკითხი – ამ დანაშაულებს ჰყავს კონკრეტული დაზარალებულები. დაზარალებულებს ვერ მოვექცევით როგორც ობიექტებს, უნდა შემოვიდნენ პროცესში როგორც სუბიექტები, რომლებსაც აქვთ ღირსება და უფლებები. მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება ამ კონკრეტული მუხლზე გავრცელდეს ამნისტია.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, სამი ბრალდებული პოლიციელზე ამნისტია უნდა გავრცელდეს დაზარალებული მხარის თანხმობის შემთხვევაში.

„მოქალაქეების მხრიდან 16 ადამიანია, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება გარდა ნიკა მელიასი. საუბარია სამ პოლიციელზე, რომელიც არის კონკრეტული მუხლით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებული. აქ საუბარია იმაზე რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება. ჩემი აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში ჩვენ უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა, თუ ასეთი დაზარალებული ამ საქმესთან მიმართებით არსებობს. ამ ყველაფერზე მსჯელობა ამნისტიის კანონის მიღების პროცესში გაიმართება.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენი სურვილია და ალბათ ასე წარვადგენთ ამ კანონპროექტს, პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით. არ ვიცი, ამაზე რამდენად გამოგვყვება „ქართული ოცნება“, თუ არ იქნება თანახმა, მაშინ ამის გარეშე მოგვიწევს ამ ამნისტიის მიღება, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად“, – განაცხადა შავგულიძემ. შალვა შავგულიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტი უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ამნისტია უნდა გავრცელდეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის იგულისხმება ნიკა მელია.

„დღეის მდგომარეობით, ეს შეეხება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სამ თუ ოთხ პოლიციელს, რომელთაც 333-ე მუხლის მესამე ნაწილის  ქვეპუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. არასახელმწიფო მოხელეებიდან კანონპროექტი შეეხება ნიკა მელიას, ასევე აქციის მონაწილეებს, რომელთა მიმართ შესაძლოა, მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და მათაც, ვის მიმართაც დამდგარია უკვე გამამტყუნებელი განაჩენი.“ – განაცხადა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტში 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის ჩანაწერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე წერს, რომ დოკუმენტში ამნისტია ნახსენებია მელიას გამოშვების მექანიზმად და არა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა ინდულგენციის საშუალებად.

„20 ივნისის მოვლენების სრული ამნისტირება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ვინაიდან კონევნცია სახელმწიფოს აკისრებს მსგავსი დარღვევების გამოძიების უპირობო ვალდებულებას. ამნისტია კი ამ ვალდებულებას აორთქლებს. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე ტექსტში საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი, ამით იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ევროპელმა უმაღლესი რანგის მედიატორებმა ევროპული კონვენციის კოლექტიური დარღვევა შემოგვთავაზეს. აბსურდია! 3. სრული ამნისტია იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი. ხელისუფლებები ჩაიდენენ მასობრივ დანაშაულს და შემდეგ გამოსცემენ ამნისტიის აქტს, რითაც მოკლავენ გამოძიების შანსს, ხოლო დაზარალებულ ადამიანების სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები წაერთმევათ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანს ჰქონოდა დარღვეული უფლებისათვის სამართლებრივი ბრძოლისა და გამარჯვების შანსი. 20 ივნისის დროს დაზარალებულ ადამიანებს ეს შანსი არ უნდა წაერთვეთ! მიხარია, რომ ლელოში ასე ფიქრობენ, ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც!“ – წერს სოციალურ ქსელში კახა კოჟორიძე.