გუშინ, 7 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ადვოკატები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ერთ-ერთ დაკავებულს გაუსწორდა ფიზიკურად, როდესაც უკვე დაკავებული იყო, მასთან ავიდა ორი პოლიციის თანამშრომელი და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს ჯერ შსს-ის დაწესებულებაში, შემდეგ იზოლატორში. შემიძლია, ყურადღება გავამახვილო ბატონ დუმბაძეზე, რომ მას პირადად დაემუქრა პოლიციის თანამშრომელი, რომ მას კიდევ ერთხელ დააკავებდა”, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ამასთან, ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ცნობით, ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებული ნოემბრის მოვლენებიდან იცნო, რის შემდეგაც მას აგინა და დაემუქრა.
„ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება სხეულზე დაზიანებები, კერძოდ, ტუჩი აქვს გახეთქილი და სახის არეში აქვს სიწითლეები, ტანზეც აღენიშნება გარკვეული დაზიანებები და შემოგლეჯილი აქვს ტანსაცმელი. ერთ-ერთ მათგანს პოლიციელი დაემუქრა, აგინა და იგივე პოლიციელია, რომელმაც ნოემბრის მოვლენების დროს, გოგო მუხლებზე დააყენა და სხვა ბიჭებს მუშტები ურტყა, იგივე პოლიციელმა, იგივე პირს, როცა დაინახა და იცნო, აგინა და დაემუქრა, რაც ასევე დანაშაულია და რაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ.
გუშინ აქციაზე დაკავებულები მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც – ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „ორი მათგანი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ” საუბრობს.