პარტია „დროას" თქმით, „ოცნებამ" და „მოქალაქეებმა" მხარი არ დაუჭირეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას - „მოქალაქეების" პასუხი

პუბლიკა

პარტია „დროა” რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების კენჭიყრაზე განცხადებას ავრცელებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგრც პარტია „მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას”. – აცხადებს პარტია დროა. 

დროას განცხადებით, „საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან”. 

„ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს”. – აცხადებენ პარტიაში.

მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, მან მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, მაგრამ არ დაუჭირა მის დამატებას სადაც მიხეილ სააკასვილზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი.

„ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე. გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე. მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„მოქალაქეების” თქმით, პარტია „დროას” განცხადება დეზინფორმაციაა.

„მოქალაქეების„ ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით:

“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული.

რახან ერთიანი ხმის მიცემის შედეგებში ჩემი ხმა არ ჩანს, ვიღაცემა ჩათვალეს, რომ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დავუჭირე. რა თქმა, უნდა ამ ხმის მიცემის ჩამონათვალში, ჩემი ხმა არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ თუ გინდა რომ რეზოლუციას, რომელიმე შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნდა განაცხადო ზეპირსიტყვიერად და შემდეგ რეზოლუციის შედეგებს ჩანაწერის სახით აეკრობა შენი მხარდაჭერა. როგორც სქრინში ჩანს.

ამგვარად, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებო ასამბლეის ვებ -გვერდზე, 14 ოქტომბრის ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებში იპოვით ჩემს მხარდაჭერას. კენჭის ყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა. ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ლევან იოსელიანის მხარდაჭერაც, რაც PACE-ს ოფიციალურ გვერდზე ჩანაწერებში ჩანს კიდევაც.”

მოგვიანებით პარტია დროა საკუთარ განცხადებას დაამატა, რომ მათ დაუკავშირდა ლევან იოსელიანი და აუხსნა, რომ მხოლოდ მეოთხე შესწორებას არ დაუჭირა მხარი, საკუთრივ რეზოლუციას კი – დაუჭირა.