„პარტია მე თვითონვე დავტოვე" | გახარიას პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ ფარცვანია თავად გარიცხეს

პუბლიკა

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა.

ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.

ზაზა თავაძეს თქმით, ის შემჩნეული იყო „ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში.

„დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო „ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს” – განაცხადა ზაზა თავაძემ.

საკითხს სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი: „ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-ზე და ოცნებაზე 20 000$-ად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ”.

დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.

„პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?! მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს განცხადება“, – განაცხადა ფარცვანიამ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile