პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სარჩელი არის ახალი გზა იმისთვის, რომ „ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი გაუნულდეს“.
„დღეს, პარტია „მოქალაქეები“ „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს საპენსიო სესხებზე. ეს არის სარჩელი – მოქალაქეეები „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ.
ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ საპენსიო სესხებზე და პენსიონერების პრობლემებზე, უკვე მეორე წელია, ამოვხსენით „ლიბერთი ბანკის“ ორნაირი სქემა როგორ იძარცვებიან ჩვენი პენსიონერები. ამიტომ, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და ვეხმარებით მათ, რომ მიმართონ ბანკს და ძველ ჩარჩოში დაბრუნებით გაინულონ სესხები. ეს სარჩელი არის კიდევ ახალი გზა, რომ უფრო მალე მივიღოთ შედეგი და ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი გაუნულდეს.
ჩვენი სარჩელი ეხება „ოვერდრაფტებს“. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე ძვირი და რომელზეც ბანკის თანამშრომლებმა პენსიონერებს არ აუხსნეს, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა. არ აუხსნეს, რომ ისინი თუ ყოველთვიურად თანხას გადაიხდიდნენ, ეს წავიდოდა მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოში და ძირს არაფერი დააკლდებოდა.
მაგალითისთვის, თუ მათ 1500-ლარიანი სესხი აიღეს, 3-5 წლის შემდეგ ისევ მოუწევდათ 1500 ლარის დაბრუნება. თავად პენსიონრები „ოვერდრაფტს“ ეძახიან „ვალს სიცოცხლის ბოლომდე“ იმიტომ, რომ თვლიან, თავად ამას ვერ დააბრუნებენ“, – განაცხადა თურაზაშვილმა.