„წიხლი დაგვაჭირა „ლიბერთი ბანკმა“ | პენსიონერები ბანკის მიერ გაზრდილი თანხის განულებას მოითხოვენ

„ოპერაცია გავიკეთე და ფული დამჭირდა“, „მე ეს სესხი უკვე დასრულებული უნდა მქონდეს“, „ჯერ ეს 200 ლარი რა არის და აქედან კიდევ 73 ლარი რომ დაგიკავდება“, „ძალიან მიჭირს, სულ მარტო ვარ“ – უყვებიან „პუბლიკას“ პენსიონერი რესპონდენტები, რომლებიც ბუკიას ბაღში შეიკრიბნენ და ბანკის მიერ გაზრდილი თანხის გასანულებლად განცხადებები დაწერეს.

საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც პენსიონერებს გაუნულდათ თანხა, რომელიც პანდემიისას, ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო დააკისრეს.

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთი თურაზაშვილი მოუწოდებს პენსიონერებს, ვისაც პანდემიის დროს სესხი 3 თვით გადაუვადდა და შემდეგ ბანკმა უნებართვოდ გაუხანგრძლივა ვადა, მიმართონ ეროვნულ ბანკს და მოითხოვონ სესხის განულება. ამისთვის კი პირველ რიგში „ლიბერთი ბანკში“ მისვლა და განცხადების დაწერაა საჭირო. 29 სექტემბერს პენსიონერებს სწორედ ამ განცხადების დაწერაში დაეხმარნენ.

თურაზაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს იმასაც, რომ ვინაიდან პრეცედენტი შექმნილია, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება ავტომატურად უნდა გაავრცელოს ანალოგიური პრობლემის მქონე პენსიონერებზე და მოხუცებულ ხალხს განცხადებებისა და დოკუმენტაციების შესაგროვებლად ინსტიტუციებში სიარული არ უნდა უწევდეს.

„ეს ადამიანები ასე არ უნდა ვაწვალოთ, ზოგი მოხუცია, ზოგს გადაადგილება არ შეუძლია, ზოგი ვერ გამოდის სახლიდან და სწორედ ამიტომ, რადგან უკვე რამდენიმე შექმნილია პრეცედენტი, ცხადია, ეროვნულ ბანკს ეს შეუძლია [ავტომატურად გავრცელდეს გადაწყვეტილება]. ეროვნული ბანკის ნებაზეა დამოკიდებული, შეიმუშაოს რეგულაცია და ეს ადამიანები ამ წნეხისგან გავათავისუფლოთ.

თავის დროზე ამ ადამიანებზე ეს ყველაფერი გავრცელდა ისე, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს და ყველას ერთიანად გადაუვადეს სესხი, მათი ხელმოწერის გარეშე. ე.ი. შესაძლებელი ყოფილა ხომ… თუ შესაძლებელია, გააუარესონ ამ ადამიანებს პირობები, მაშინ რატომ არ არის შესაძლებელი გაუმჯობესება?!“, – ამბობს თურაზაშვილი.