პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კირთაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა. ასევე, დატოვა პარტია მირდატ ქამადაძემ. დღეს გამართულ ბრიფინგს ათი ადამიანი ესწრებოდა.

„ყველა მცდელობა იქნა განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ საბოლოოდ პასუხად მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას. როცა იდეებისგან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, ამ გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. უბრალოდ ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეალების ერთგულები და ვაგრძლებთ ბრძოლას”, – თქვა გიორგი კირთაძემ.

მან ასევე თქვა, რომ სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ ბრძოლას. როგორც ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, მისი აზრით, ნიკა მელია პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრში არის ყველაზე გამორჩეული ოპოზიციური ლიდერი და თუ ის გააკეთებს ახალ პარტიას აპირებს, რომ მასთან ითანაშრომლოს.