პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას მოითხოვს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა, გია ჭანტურიამ და ეკა წამალაშვილმა, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართეს.
მათი ცნობით, 12 დეკემბერს აღინიშნება „სახალხო გვარდიის” დღე და ამ დღესთან დაკავშირებით, კუკიის სასაფლაოზე მემორიალს დადგმას ითხოვენ, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გვარდიელების ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი.
„სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელობაში საერთოდ დავიწყებული არის 1921 წლის მოვლენები, დავიწყებული არის პირველი რესპუბლიკა. დღეს არის 12 დეკემბერი და არის ქართული გვარდიის დღე, ეს დღე აღინიშნებოდა უკვე ოკუპირებულ საქართველოშიც კი, სტუდენტობა ამოდიოდა და მიუხედავად წინააღმდეგობისა და დარბევისა, ისინი აღნიშნავდნენ ამ დღეს. დღეს ძალიან სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან ერთად ეს ტრადიცია გრძელდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციას ვთხოვეთ, რომ დაეყენებინათ ეს საკითხი, რომ აქ დაკრძალულები არიან ქართველი გვარდიელები, რომელთა საფლავებიც ფაქტობრივად აღარ არსებობს და მათი მოძიება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, რომ მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გაკეთება“, – განაცხადა გია ჭანტურიამ.