პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართავს, მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი აქტი

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართავს, უკრაინის მხარდამჭერი აქტი მიიღოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღეს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დაუშვილის თქმით, რაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, უდიდესი საფრთხეა არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, რეგიონისა და მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის.

„მოგიწოდებთ ყველას, თითოეულ დეპუტატს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს მხარდამჭერი აქტი უკრაინასთვის შემდეგი შინაარსით – რომ ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მეგობარ, მოკავშირე, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რომ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციულ ქმედებებს და დაგეგმილ ძალისმიერ სამხედრო აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარტია ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს ქმედითი პოლიტიკური, ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა/დახმარება.

ასევე, „საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ოფიციალური კიევის მხარდასაჭერად აქტიური მონაწილეობა მიიღოს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინის საკითხზე დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო შენაერთები, შეწყვიტოს აზოვის ზღვაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროვოკაციული ღონისძიებები და უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, აშშ-ს, ევროპის კავშირს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები, უკრაინის მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისგან უკრაინის დასაცავად და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს ევროკავშირსა და ნატო-საც, რომ გააცნობიერონ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი გეოპოლიტიკური რისკი და იმუშაოს ამ ორგანიზაციებში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პრაქტიკული ნაბიჯების მყისიერ შემუშავებაზე.