პარტიას ზვიად ტომარაძეც ქმნის

პუბლიკა

ზვიად ტომარაძე პარტიას – „ერი და სახელმწიფოს“ ქმნის. შესაბამისი დოკუმენტაციით მან საჯარო რეესტრს 4 ნოემბერს მიმართა. რეესტრმა 16 ნოემბერს რეგისტრაცია შეაჩერა დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების გამო. შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებითი დოკუმენტები მან გუშინ, 1 დეკემბერს წარადგინა.

რის გამო ქმნის პარტიას და როგორია მისი პოლიტიკური გეგმები? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ ტომარაძეს მიმართა. როგორც ის ამბობს, ამ საკითხზე საუბარი არ უნდა. აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პარტია მისთვის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.

„მაგ თემაზე საუბარი არ მინდა, რა… მე მაგას ვიყენებ ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად. მე ახლა რასაც ვემსახურები და რითაც ვარ დაკავებული, იმ თემაზე დამირეკეთ, მაგ თემაზე ნუ დამირეკავთ.

ერთი-ერთი ბრძოლის ხერხად, არსენალში რომ მქონდეს, ეგეც გავაკეთე [პარტია]. ამაზე მეტ კომენტარს არ მოგცემთ“, – ამბობს ტომარაძე.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს და არჩევნებში მონაწილეობას, ტომარაძე ამბობს:

„…პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით საუბარს არ ვაპირებ. საზოგადოებრივი საქმიანობით ვარ დაკავებული, ვაკეთებ იმას, რაც არის საზოგადოების ინტერესი.

მაგ თემაზე, არჩევნები როცა დადგება, შეგიძლიათ, რომ დამირეკოთ ამ ნომერზე. და გაგცემთ პასუხს“, – ამბობს ის.

ვინ არის ზვიად ტომარაძე?

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ტომარაძე 3 ორგანიზაციის – „ერი და სახელმწიფოს“, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-სა” და „ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარეა.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ საჯარო რეესტრში 2014 წლის 18 მარტს დემოგრაფიული განვითარების ფონდის სახელით დარეგისტრირდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი სახელწოდება შეიცვალა და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ედ“ დარეგისტრირდა.

ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

„მითების დეტექტორის” ცნობით, ზვიად ტომარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის საინიციატივო ჯუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას შეეხებოდა, მეორე – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.

ბოლო პერიოდში ტომარაძე ანტივაქსერული განწყობების გამო არაერთხელ მოხვდა დეზინფორმატორთა სიაში.